და აი, ზამთარიც კარს მოგვადგა – მარი მილორავას ბლოგი

0

ატმოსფერული წნევისა და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს ხან “წვიმის ხასიათს”, ხან კი “მაგნიტურ დაავადებას” ვეძახით. ამ “მძიმე დროს” ცდილობ აიმაღლო ხალისიანი განწყობა; სვამ მეტ ცხელ სითხეს, ვიტამინებს; ვარჯიშობ, რომ ტონუსში იყო ამ უმზეო მოკლე დღეებში; დადიხარ მოდურ თანამედროვე ცეკვებზე, ჭამ შოკოლადს და სვამ წითელ ღვინოს საღამოობით…

და პარალელურად ნიშნისმოგებით გეღიმება – “ხომ მოგერიე, ზამთარო!”

მაგრამ აი, სარკეს ვერაფრით ასიამოვნე, მაინც “გისიგნალებს”, რომ კანს რაღაც უჭირს – გამოშრაო, ფერი დაკარგა და მოდუნდაო…

ოოოოჰ! ამდენს ცდილობ და ეს უმადური სარკე…

ნუ აღელდები!

თქვენ საერთო მდგომარეობას მიხედეთ, მე კი დაგეხმარებით, მოგაწოდოთ რეკომენდაციები, როგორ უნდა მოუაროთ კანს ზამთარში. ის ხომ სილამაზისა და ესთეტიკის მთავარი მახასიათებელია.
რა ებრძვის ზამთარში ჩვენი კანის სილამაზეს?

ეს ორი ძირითადი სეზონური მტერი ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა და გათბობისგან ძალიან გამომშრალი ოთახის ჰაერია. მათი ზეგავლენით ნელ-ნელა კანი შრება, კარგავს ფერს, ბრწყინვალებას, დუნდება და ბერდება.

როგორ გადავაქციოთ ეს გამოფიტული ზედაპირი `ხავერდოვნად”?

ამისათვის უნდა გადავიდეთ კანის მოვლის ზამთრის რეჟიმზე, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ზაფხულის რეჟიმისგან.

განვიხილოთ ეტაპობრივად:

დაბანა:

ზამთარში გვერდზე გადავდოთ საპნები და სპირტიანი ლოსიონები. ძალიან მშრალი კანის შემთხვევაში კი ვუფრთხილდეთ წყლით ხშირად დაბანასაც კი. ვიხმაროთ კოსმეტიკური რძე და რბილი ტონიკები (კარგია კედრის და ჟოჟობას შემადგენლობით).

პილინგები:

თუ გინდათ კანს მოაცილოთ მკვდარი უჯრედების ფენა, ზამთარი ამისთვის იდეალური სეზონია. გარქოვანებული ფენის სწრაფი მოცილება, `გაბრწყინების~ გარდა, ააქტიურებს უჯრედების მუშაობას, უმჯობესდება კანის ტონუსი და იქმნება ლიფტინგეფექტი.

თუ გაწუხებთ ნაწიბურები, ასაკობრივი ცვლილებები, პიგმენტაცია, პოსტაკნე – შეგიძლიათ მიმართოთ ექიმ-კოსმეტოლოგს უფრო სერიოზული პროფესიული პილინგებისათვის.

დატენიანება:

მიუხედავად იმისა, რომ კანი ძალიან შრება, ზამთარში დამატენიანებელი კრემები და ნიღბები, სჯობს, გვერდზე გადავდოთ. მათში შემავალი წყლის წვეთები სუსხიან ამინდში მიკროსკოპულად იყინება და მიკროტრავმებით აზიანებს კანს. გამომშრალ ოთახში კი ეს საშუალებები მიიზიდავს წყალს ჩვენივე კანის უჯრედებიდან, ანუ აქვს უკუეფექტი.

გამონაკლისია პრეპარატები ჰიალურონის მჟავით და ქიტოზანით. დატენიანების პარალელურად ისინი ქმნიან დამცავ შრეს, ანუ ხელს უშლიან წყლის აორთქლებას. მაგრამ აქაც საჭიროა გარკვეული წესების დაცვა – ამ შემადგენლობის კრემები წავისვათ გარეთ გასვლამდე, ან დაძინებამდე 1 საათით ადრე, სასურველია შხაპის მერე, ტენიან კანზე. 20 წუთში კი ზედმეტი რბილად შევიშროთ ქაღალდის ხელსახოცით.

კრემები ზამთარში უნდა მოიხმაროთ `პირიქით”: დღისით მკვებავი და ღამე _ დამატენიანებელი.

კვება:

მკვებავი კრემებისა და ნიღბებისთვის კი სწორედ ზედგამოჭრილი სეზონი დადგა. “მშიერი” კანის საკვები რაციონი დატვირთული უნდა იყოს ვიტამინებით და მიკროელემენტებით.

ზამთრის ვიტამინებია a, e და d, ასაკოვანი კანისთვის დაამატეთ с. თუ კანზე ზედაპირული კაპილარებია, k ვიტამინიც არ დაგავიწყდეთ.

მკვებავი კრემის შეძენისას ეძებეთ მის შემადგენლობაში სიტყვა “ლიპიდი”, ესაა ზეთოვანი ნივთიერება, რომელიც შედის ყველა ცოცხალი უჯრედის შემადგენლობაში.

ასევე ზამთრისთვის იდეალური ვარიანტია ბუნებრივი ზეთები – კაკაოს ცხიმი, კარიტეს, ავოკადოს, არგანის, ციტრუსის, ატმის და ნუშის ზეთები. ეს საშუალებები ქმნიან კანზე დამცავ მანტიას და ამავე დროს აძლევენ მას სრულყოფილი სუნთქვის საშუალებას.

დაბალფასიანი კრემების შემადგენლობაში უფრთხილდით სიტყვას “ვაზელინი”. ის ასევე ქმნის დამცავ შრეს, მაგრამ არ აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას. შესაძლებელია ვაზელინის მცირე რაოდენობა მხოლოდ პომადის შემადგენლობაში.

ალბათ, იკითხავთ, როგორ უნდა შეარჩიოთ ეს საშუალებები კანის ტიპის მიხედვით. ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა:

– წითელი, ცხიმიანი და გამონაყარისკენ მიდრეკილი კანი ზამთარში უფრო ღიზიანდება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს სწორედ სიმშრალის გამო ხდება. ორგანიზმი გარე სიმშრალის გამო გამოყოფს უფრო მეტ ცხიმს, რაც იწვევს ფორების დახშობას. ამ დროს შეცდომაა მხოლოდ აკნეს საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება, რადგან ის კანს კიდევ უფრო აშრობს. კარგია ყოველ საღამოს გამწმენდი ლოსიონები, ნაზი პილინგები და დატენიანება, დღეგამოშვებით კი დატენიანებულ კანზე აკნეს საწინააღმდეგო საშუალებები. დილაობით კანი დაიტენიანეთ მსუბუქი ტექსტურის გელებით და ლოსიონებით (გარეთ გასვლამდე 1 საათით ადრე). ცხიმიანი კანისთვის კარგია ანთების საწინააღმდეგო ნიღბები – ჩაის ხის და წიწვის ექსტრაქტი, არყის ხის, კიტრის, ლავანდის, დინდგელის ნაყენი.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

ქაცვის წვენი 1 ჩ.კ.

თეთრი თიხა 1 ს.კ. (ან სახამებელი)

თაფლი 1 ჩ.კ.

ლიმონის წვენი 1/2 ჩ.კ.

ჩაის ხის ზეთი 2-3 წვეთი

ტონიკი ცხიმიანი კანისთვის:

გოგრის წვენი დილაობით

(დიახ, ნუ გაგიკვირდებათ, გოგრის უმი წვენი შესანიშნავი ტონიკია გაღიზიანებული კანისთვის.

აქვს ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება)

ძალიან მგრძნობიარე კანის შემთხვევაში დარღვეულია კანის დამცავი ბარიერი. ამიტომ ასეთი კანი უნდა დავიბანოთ რბილი, კრემისმაგვარი გელით, შემდეგ კი წავისვათ დამამშვიდებელი შრატი, ზემოდან კი – დამატენიანებელი კრემი.

ძალიან თხელ და მშრალ კანს ოთახის გამომშრალი ჰაერი და ხელოვნური განათება სასიცოცხლო ენერგიას ართმევს. ის განსაკუთრებით საჭიროებს ჟანგბადს, ვიტამინებს და ენერგიას. ასეთი კანისთვის კარგია კვირაში სამჯერ საღამოობით ნაზი პილინგები, შემდეგ კი ვიტამინების შემცველი შრატები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თვალის გარშემო კანს. ნიღბები მშრალი კანისთვის აუცილებლად შეიცავს ცხიმებს – აგავის, ხორბლის, ავოკადოს, ნუშის, ატმის ზეთებს და სპერმაცეტს.

ნიღაბი ძალიან მშრალი კანისთვის:

ხურმის რბილობი 2 ს.კ.

არაჟანი 2 ს.კ.

ზეითუნის ზეთი 1 ჩ.კ.

კომბინირებული კანი უნდა დავყოთ ზონებად. იხმარეთ საშუალებები მშრალი კანისთვის, შემდეგ კი ცხიმიან თ-ზონებზე ბამბის ტამპონით წაისვით მშრალი ტონიკი. ზემოდან კი დამატენიანებელი ჰიალურონით _ ცხიმიანი ზონისთვის და გლიცერინით _ მშრალი ზონისთვის.

მაკიაჟი:

ზამთრის ყინვების დროს გირჩევთ უარი თქვათ მშრალ კოსმეტიკაზე, იხმარეთ ცხიმიანი უმარული, თხევადი ფანქარი და რბილი კონსისტენციის თვალის ჩრდილები.

ძალიან მშრალი კანისთვის ტონალურ კრემს დაამატეთ ცოტა დამატენიანებელი და წაისვით გარეთ გასვლამდე 1 საათით ადრე.

და ბოლოს…

თავის მოვლაში შედის არამარტო სახის საშუალებები. მოვლას საჭიროებს ასევე ტანი, განსაკუთრებით ხელები, ყელი და დეკოლტე.

ეცადეთ, გადაეჩვიოთ ძალიან ცხელი წყლით დაბანას. იმის გარდა, რომ ფართოვდება კაპილარები, ზამთარში ამით კანი უფრო შრება. ამიტომ შხაპის მიღებისას ბოლოს გადაივლეთ ცივი წყალი და არ გახვიდეთ გარეთ ერთი საათი მაინც. მკვებავები წაისვით სველ ტანზე, ასევე, კარგი იქნება, თუ მასში ჩაამატებთ მცენარეულ ზეთებსა და ვიტამინებს.

ნიღაბი ყელისა და დეკოლტესთვის:

წავისვათ შემთბარი კოსმეტიკური ზეთი (კარგია ყურძნის წიპწის), ზედ დავიდოთ კარტოფილის თბილი პიურე, ცელოფანი და პირსახოცი. 20 წთ-ში ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და წავისვათ მკვებავი კრემი.

ლოსიონი ხელებისთვის:

კარტოფილის ნახარში

(გაგიკვირდებათ, ისე არბილებს და ანაზებს ეს საშუალება ხელებს)

ხელის კრემნიღაბი:

ალოეს წვენი 2 ს.კ.

თაფლი 1 ს.კ.

ზეითუნის ზეთი 2 ს.კ.

სელის ზეთი 1 ჩ.კ.

ლიმონის წვენი ½ ჩ.კ.

კაკაოს ცხიმი შეათბეთ და ჩაამატეთ მიღებულ მასას კრემის კონსისტენციამდე. კრემი ინახება მაცივარში 2 თვემდე.

აბა, თქვენ იცით!

გალამაზდით და ხალისიანად შეხვდით ახალ წელს!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply