უკან – მომავლისაკენ – მარი მილორავას ბლოგი

0

ყველა დროში და ყველა თაობაში დედობა – ეს არის სიხარულის უმაღლესი საფეხური ქალის ცხოვრებაში.

მთელი 9 თვე მოუთმენლად ველოდებით, რომ ვიხილოთ ეს პაწაწინა არსება, შემდეგ კი ამაყად ვატარებთ დედობის სტატუსს და უძილო ღამეებსაც არად დაგიდევთ. წინ კი მთელი ცხოვრებაა, სავსე არამიწიერი სიხარულით, განუმეორებელი ბედნიერებით და იმის შეგრძნებით, რომ ამ პატარა არსებას ჩვენ ვაყენებთ დიდ ცხოვრებისეულ გზაზე.
ეს ყველამ ვიცით…

დღეს კი ვისაუბროთ იმ ტრანსფორმაციაზე, რომელიც ამ მოვლენას თან ახლავს _ ესაა ქალის სხეულის ფიზიკური ცვლილებები, რომლებიც არც ისე მოგვწონს. განსაკუთრებით, თუ სარკეს დავეკითხებით.


ჯანმრთელ სხეულზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ ფეხმძიმობის პერიოდიდან. მხედველობაში მაქვს კანის მოვლა, კვებითი რეკომენდაციები და ფსიქოლოგიური მომზადება. მით უმეტეს, რომ ბოლო ორი რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობასაც განაპირობებს.

დავიწყოთ წონით:

წონის კონტროლი იწყება ფეხმძიმობიდან. რა თქმა უნდა, არა დიეტებით, არამედ ზომიერი კვებით.

ქალი ფეხმძიმობის დროს ნორმაში იმატებს 8-12 კგ-ს. ამ დროს მიუღებელია დიეტების დაცვა, მაგრამ არაფერი გვიშლის ხელს, დავიცვათ სწორი კვების რეკომენდაციები _ დავი­ვიწყოთ სწრაფი კვების ობიექტები, ჩიფსები, ფუნთუშები და ტორტები. ამით ბავშვსაც დავიცავთ კონსერვანტებისგან და ზედმეტი გლუკოზისგან. მივირთვათ ზომიერად ხილი, ბოსტნეული და ცილა. განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი თევზი და არარაფინირებული ზეთები (ისინი პირდაპირ კავშირშია სისხლძარღვების ტონუსთან და კანის ელასტიკურობასთან).

წონა მშობიარობის შემდეგ ნორმაში 6-8 კგ-ით მეტია ფეხმძიმობამდელ წონაზე.

ქალის ფიზიოლოგია ისეა აგებული, რომ ჯანმრთელი ორგანიზმი თვითონ აგდებს წონას მშობიარობის შემდეგ რამდენიმე თვეში, განსაკუთრებით, თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა. ეს პროცესი ორმხრივ სასარგებლოა არამარტო ფიზიკური თვალსაზრისით. ის დედა-შვილის კავშირს ფსიქოლოგიურადაც განუმეორებელს ხდის.

ძუძუთი კვების დროს ფრთხილად იყავით `ბებიების რეკომენდაციებთან”, თითქოს უნდა ჭამოთ ბევრი ცხიმი, რომ რძე იყოს ცხიმიანი. ბუნება თვითონ არეგულირებს ქალის რძის ოპტიმალურ შემადგენლობას. მიღებული ზედმეტი ცხიმი კი, სამწუხაროდ, წელსა და თეძოებზე განლაგდება.

უბრალოდ, იზრუნეთ იმაზე, რომ ყოველდღიური რაციონი დატვირთული იყოს რძის პროდუქტებით, ხორცით, თევზით, ბოსტნეულით და ცოტაოდენი ხილით. ჭამეთ 5-6-ჯერ მცირე ულუფებით, გამორიცხეთ მავნე პროდუქტები, სვით ბევრი სითხე და არც იფიქროთ გასახდომ აბებზე.

ყველამ ვიცით, რომ ქალის სხეული წონის მომატების გარეშეც ძალიან იცვლება მშობიარობის შემდეგ _ იცვლება კანი, სხეულის პროპორცია (განსაკუთრებით, მუცელი და თეძო), ჩნდება ცელულიტები, იცვლება ძვლების მდგომარეობაც კი.

ამ ცვლილებების უკუგანვითარებისათვის საჭიროა მიმართოთ სხეულის საკორექციო ცენტრს, სადაც ყველა ამ პრობლემას ერთად მოგიგვარებენ და ცხოვრების ბედნიერ ხანას კიდევ უფრო გაგილამაზებენ.

თანამედროვე საკორექციო ცენტრის არსენალში ძალიან ბევრი მეთოდი და აპარატურაა: პრესოთერაპია, კავიტაცია, ვაკუუმი, მიოსტიმულაცია, ინტრალიპოლიზი, კრიოთერაპია, რადიოლიფტინგი, ოზონოთერაპია, მეზოთერაპია და, რა თქმა უნდა, მასაჟები და შეფუთვები.

ადამიანის სხეული ძალიან ინდივიდუალურია და სხვადასხვა ცვლილება შეიძლება გამოწვეული იყოს არაფიზიოლოგიური პათოლოგიებით (ჰორმონალური, ძვლოვანი, შინაგანი და ა.შ.). აპარატული მიდგომებიც ინდივიდუალურია. ამიტომ სასურველია კორექციის პროცესი მართოს გამოცდილმა სპეციალისტმა. მაშინ სასურველ შედეგსაც ადვილად მივაღწევთ და ჯანმრთელობასაც შევინარჩუნებთ.

და კიდევ… კორექციის შემდეგ აუცილებლად გვინდება შოპინგი და ამით ორსულობამდელ სტატუსს ბოლომდე აღვიდგენთ. მაღაზიის სარკეც გვიღიმის და საყვარელი ადამიანის თვალებიც…

ცხოვრება ხომ მშვენიერია!

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საკორექციო პროცედურები შეიძლება დავიწყოთ ფიზიოლოგიური მშობიარობიდან 2-3 თვეში, საკეისრო კვეთიდან კი 4-5 თვეში.

კანი:

ორსულობის პირველ თვეებში კანი შრება და საჭიროა მისი ინტენსიური დატენიანება. ასევე მეოთხე თვიდან საჭიროა ანტისტრიული კრემების და ზეთების რეგულარული ხმარება. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გენეტიკურად აქვს ელასტიკურობადაქვეითებული კანი. სასურველია, დღე არ ჩავაგდოთ, რადგან არ ვიცით, როდის იზრდება ნაყოფი, და შესაბამისად _ კანიც.

ანტისტრიული კრემი:

4 გრ მუმიო

1-2 ჩ.კ. ანადუღარი თბილი წყალი

70-100 გრ ბავშვის მკვებავი კრემი

2-3 წვეთი ციტრუსის ზეთი (ან ვარდის, ან პიტნის)

(წაისვით დაბანის მერე წრიული მოძრაობით ერთხელ დღეში)

ანტისტრიული ზეთი:

½ ჭიქა ზეითუნის ზეთი

½ ჭიქა ახალდაწურული ალოეს წვენი

10 წვეთი ვიტამინი e

5 წვეთი ვიტამინი a

შეინახეთ მაცივარში შუშის ქილაში, წაისვით დღეში ორჯერ.

ორსულობის დროს კანზე ასევე ძლიერდება პიგმენტაცია და სისხლძარღვოვანი სურათი. ვიხმაროთ ბუნებრივი საპნები და ნატურალური ანტისეპტიკური საშუალებები (მაგ. დინდგელის საპონი, ლიმონის და კიტრის ლოსიონები), ქვედა კიდურებზე კი ცხენისწაბლას და ყურძნის ფოთლის ექსტრაქტი.

ფეხმძიმობის დროს ერიდეთ მათეთრებლებს და პილინგებს, ასევე სახის აპარატულ პროცედურებს. კარგია სახის მასაჟები და დამატენიანებელი ნიღბები.

ნიღაბი მშრალი კანისთვის: კვერცხის გული, ნაღები, მოხარშული კარტოფილი;

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: კიტრი, კვერცხის ცილა, თეთრი თიხა;

გავუფრთხილდეთ ასევე ტუჩებს, კარგია მცირე მასაჟი და ნიღაბი ნუშის ზეთით და a ვიტამინით.

და ბოლოს, მოძრაობა!

ფიზიკური აქტივობა შლის ცხიმებს. მართალია, ჩვენ ვზრუნავთ პატარაზე და მთელი დღე ვმოძრაობთ, მაგრამ ეს არასრულფასოვანი დატვირთვაა ფორმაში ჩასადგომად. დღეში 1 საათამდე `ფიტნესდრო“ ქალისათვის აუცილებელია.

რა შეიძლება?

იოგას ცალკეული ელემენტები, ჩქარი სიარული და ყველაზე სასიამოვნო _ სეირნობა. ნუ მიანდობთ ბავშვის გასეირნებას სხვას. დაავლეთ ხელი საბავშვო ეტლს და გადით გარეთ. სუფთა ჰაერსაც ჩაისუნთქავთ, თვალსაც წყალს დაალევინებთ, ბავშვთანაც იკონტაქტებთ, განიტვირთებით და ცხიმებსაც განტვირთავთ.

და კიდევ ერთი მხიარული ვარჯიში _ ჩართეთ საყვარელი მუსიკა და იცეკვეთ. რიტმის, ბგერებისა და მოძრაობის ერთიანობა ამაღლებულ განწყობაზე დაგაყენებთ და, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ განიტვირთებით ცხიმებისგან.

უფრო ძლიერი ფიზიკური დატვირთვები კი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა მცირე მენჯის კუნთები აღდგება.

აი, ის რეკომენდაციები, რომლებიც გეგმაზომიერად, გართულების გარეშე დაგვიბრუნებს სილამაზეს, შინაგან სიმშვიდეს, საკუთარი თავით ტკბობის ბედნიერებას და ჩვენ სხეულს დააბრუნებს

უკან – მომავლისაკენ!

წყარო: www.citymagazine.ge

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply