კანის მოვლის ოქროს წესები და რეცეპტები მარი მილორავასგან

0

კანის მოვლა ნებისმიერ სეზონზე აქტუალური თემაა. არსებობს წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ზამთარშიც და ზაფხულშიც. კრემები და ნიღბები კი, კანის ტიპისა და საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა შევარჩიოთ. “ბლოგი სილამაზის შესახებ“ გთავაზობთ ძალიან სასარგებლო რჩევებს და საინტერესო რეცეპტებს ექიმის, ფიტოთერაპევტის, მასაჟის სპეციალისტისა და კოსმეტოლოგის, ქალბატონი მარი მილორავასგან:

ყველა სეზონზე კანს სპეციფიური მოვლა სჭირდება, როგორ უნდა მოვიქცეთ ზაფხულში და ზამთარში?

კანი არის სხეულის გარე საფარველი და, შესაბამისად, გვიცავს გარეგანი ზემოქმედებისაგან. ამიტომ, სხვადასხვა სეზონზე კანის მოვლის წესები იცვლება.ზაფხულში კანში გროვდება მეტი თავისუფალი რადიკალები, ასევე უნდა ვუფრთხილდეთ მზის სხივების ზემოქმედებით ფოტოდაბერებას. ცხიმიან კანზე კი ჩნდება მეტი გამონაყარი და კომედონები, რადგანაც ზაფხულში გამოიყოფა მეტი კანის ცხიმი.

კანის მოვლის საერთო წესები ზაფხულში მოიცავს დილა-საღამოს აუცილებელ წმენდას (კარგია მიცელარული წყალი, თერმული წყალი კი დღის განმავლობაში). გამწმენდი გელები უნდა იყოს წყლის ფუძეზე, განსაკუთრებით ცხიმიანი კანისთვის სასურველია იყოს ალოე ვერას შემადგენლობით. უნდა ვიხმაროთ მეტი დამატენიანებლები დამცავი ფილტრებით SPF 30-60. საღამოს – მკვებავი საცხი.. ახალგაზრდა და ცხიმიანი კანისთვის კი სპეციალური საცხები.

გახსოვდეთ, ზაფხულში ტაბუდადებულია პილინგები და მათეთრებლები!

პილინგებისთვის, ფოტოგაახალგაზრდავების და ბიორევიტალიზაციის პროცედურებისთვის გამოიყენეთ ზამთრის პერიოდი.

ზამთარში კანს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და მეტი საშუალებები, მაგრამ აქ იცვლება მთავარი წესი – ძალიან ცივ თვეებში არ იხმაროთ წყლის ფუძეზე დამზადებული დამატენიანებლები, რადგან მასში არსებული წყლის მოლეკულები იყინება და იწვევს მიკროტრავმებს. კრემის  წასმა საჭიროა გარეთ გასვლამდე მინიმუმ 0,5 საათით ადრე.

სასურველია, ამ პერიოდში კრემები ვიხმაროთ  ,,უკუღმა“- დამატენიანებლი ღამით, მკვებავი კი დღისით. ეს წესი განსაკუთრებით იმათ ეხება, ვისაც ძალიან მშრალი კანი აქვთ. მიუხედავად მზის ნაკლებობისა, ზამთარში გარეთ გასვლისას მაინც საჭიროა დამცავი საშუალებების ხმარება, მხოლოდ ნაკლები ფილტრით.

ზამთარში კარგია ჟანგბადის ნიღბებიც (შეიძინეთ აფთიაქში ან გააკეთეთ სახლში), რადგან ჰაერზე ნაკლებ დროს ვატარებთ და ოთახში კი ჰაერი გამომშრალია. მაგალითად, ჩვეულებრივ მკვებავ  ნიღაბს (ჰერკულესი, გვირილის ნახარში, კოსმეტიკური თიხა) შეგიძლიათ დაამატოთ რამოდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი.

როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში?

მშრალ კანს აქვს სუსტი ჰიდროლიპიდური ბარიერი.  მისი ცხიმოვანი ჯირკვლები არაა აქტიური. ამიტომ, ავარჩიოთ კრემები, სადაც არის ლიპიდები, მცენარეული კოსმეტიკური ზეთები, ცერამიდები. ვიხმაროთ მაღალი SPF-ის მქონე დამცავი. შევარჩიოთ შედარებით რბილი გამწმენდი საშუალებები და ვერიდოთ აგრესიულ სქრაბებს. მშრალ კანს კვირაში ერთხელ ან ორჯერ სჭირდება დამატენიანებელი ნიღაბი. გთავაზობთ უნივერსალურ  ,,მაცივრის“ ნიღაბს: ესაა ბანანი, ხაჭო და არაჟანი ნებისმიერი კონცენტრაციით.

ცხიმიან და კომბინირებულ კანზე რას გვეტყვით?

ცხიმიანი კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურობა, დეკორატიული კოსმეტიკის სათუთი შერჩევა (უნდა იყოს ,,ანტიკომედონური“), დაბანა ნელთბილი ან გრილი წყლით, სპეციალური გელით ან ქაფით. სახის ღრუბელი და ბალიშის პირი ხშირად უნდა გამოიცვალოს. ტონიკების შემადგენლობაში უნდა იყოს თუთია და სალიცილის მჟავა.

კრემები და ნიღბების არჩევისას იხმარეთ ნაკლებ ცხიმიანი, ანტისეპტიკური ჰიდროგელები. კარგია თუ შემადგენლობაში არყის ხის, ჩაის ხის, ჰამამელისის, ევკალიპტის, კედრის და ფიჭვის ექსტრაქტები იქნება.

გთავაზობთ ,,მაცივრის“ ნიღაბს ცხიმიანი კანისთვის:

½ ჩ.კ. სახამებელი

1 ჩ.კ. დაფქვილი ჰერკულესი

1 ჩ.კ. ლიმონის წვენი

1-2 წვეთი ჩაის ხის ექსტრაქტი

1 კვერცხის ათქვეფილი ცილა (ცილა შევურიოთ ბოლოს)

ნიღაბს ვიჩერებთ 15 წუთით და ჩამოვიბანთ გრილი წყლით.

მითია თუ რეალობა, რომ სახეზე ნებისმიერი ბოსტნეულის ან ხილის ნაფრცქვენის დალაგება კარგია კანისთვის?

ხილის, ბოსტნეულის და თქვენ წარმოიდგინეთ, სანელებლებისგანაც კი კეთდება ძალიან კარგი სახის ნიღბები. თუმცა, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა ტიპის კანი გვაქვს და რა პრობლემისთვის გვჭირდება ნიღაბი.

არჩევანი დიდია, მაგრამ არის ხილი და ბოსტნეული, რომელიც ღებავს კანს და მათი გამოყენება გარეგანი მოხმარებისთვის მიუღებელია (მაყვალი, მწვანე კაკალი…). ნებისმიერმა მათგანმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია (ეს ინდივიდუალურია).

გირჩევთ, იხმაროთ მზა რეცეპტები თქვენი ტიპის კანისთვის და პირველად ხმარებამდე, მცირე რაოდენობით წაისვათ იდაყვის შიდა მხარეს. თუ 5-10 წუთში ალერგიის ნიშნები არ გამოვლინდა, თავისუფლად შეგიძლიათ მისი გამოყენება.

როდუქტები, რომლებიც არ უნდა გამოვიყენოთ ალერგიის შემთხვევაში?

ჰიპოალერგიული დიეტა მწვავე პერიოდში გამორიცხავს:

– წითელ ხორცს და თევზს, ასევე კვერცხს.

– ციტრუსს

– თხილეულს

– ნესვს და ანანასს

– წითელ ხილს და კენკრას

– ცხარე ბოსტნეულს

– შოკოლადს და ყავას

– ალკოჰოლს

სასურველია დიეტიდან გამოვიდეთ ნელ-ნელა.

რამდენად ეფექტიანია სახლის პირობებში დამზადებული კრემები და ნიღბები?

სახლის პირობებში დამზადებულ კრემებს და ნიღბებს აქვთ ერთი დიდი უპირატესობა – მათ არ აქვთ კონსერვანტები! ამიტომ, პერიოდულად, მათი გამოყენება კარგია, რომ სახე დავასვენოთ და ბუნებრივად გამოვკვებოთ.

ნიღბები შეგვიძლია გამოვიყენოთ იმ დღესვე და ისინი ზამთარ-ზაფხულ ძალიან ეფექტურია. ხანდახან კი შევიძინოთ მზა ნიღბები, რადგანაც მათ აქვთ კიდევ დამატებითი შემადგენლობა, რომელიც ჩვენტვის ადვილად მისაწვდომი არაა.

რაც შეეხება კრემებს, ზამთარში, განსაკუთრებით მშრალი კანისათვის, კარგია კოსმეტიკური ზეთებით გაჯერებული, სუფთა თაფლის სანთელზე და ნატურალურ დინდგელზე სახლში მომზადებული მკვებავი კრემები.

რაც შეეხება დამატენიანებლ კრემებს, ზაფხულში ჯობია ვიხმაროთ ქარხნული, რადგანაც ისინი უკეთ იწოვება და სიცხეში არ ტოვებს ცხიმის კვალს.

რა უნდა ვიცოდეთ სახლის პირობებში კრემების და ნიღბების მომზადებისას?

  • აუცილებლად უნდა გქონდეთ სპეციალური ჭურჭელი, რომელიც მხოლოდ ამ მიზნით გამოიყენება
  • უნდა იცოდეთ რა ინგრედიენტებია აუცილებელი მშრალი, ცხიმიანი და მგრძნობიარე კანისთვის
  • ემულგატორი არ უნდა იყოს 2%-ზე მეტი. სხვადასხვა კანისთვის საჭიროა სხვადასხვა ემულგატორი. მიუღებელია ყველა ტიპის კანისთვის მხოლოდ თაფლის სანთლის ხმარება
  • ზეთები უნდა იყოს ეთერზეთები ან ცივი გამოწურვის კოსმეტიკური ზეთები.
  • სახლში დამზადებული კრემის შენახვის ვადა 1 კვირიდან 1 თვემდეა და აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს

როგორ დავიტენიანოთ კანი?

კანის ქვედა ფენის 80%, ხოლო ზედა ფენის 10 – 13% შედგება წყლისგან. ამიტომ, ეპიდერმისი მალე ბერდება. წყალს ის იღებს შიდა ფენიდან, ასე რომ:

  • უნდა ვსვათ დღეში 2 ლიტრი სითხე
  • ვიხმაროთ აქტიური კოსმეტიკა, რომელიც აძლიერებს ჰიდროლიპიდურ შრეს და ხელს უშლის წყლის ზედმეტ აორთქლებას. ესაა დამატენიანებელი კრემები და ნიღბები. ასევე, ეს კოსმეტიკა ებრძვის ფოტოდაბერების პროცესს.
  • ხშირად ნუ ვიხმართ ძლიერ პილინგებს. ხშირი მოხმარებისათვის კარგია ნატურალური ბუნებრივი ხილის მჟავეები -კივი, მარწყვი, ლიმონი, კიტრი, მწვანე ჩაი, მრავალძარღვა, მჟაუნა, ყურძნის მარცვლის შიდა წვენი.

როგორ მოვუაროთ კანს ყელისა და მკერდის არეში, რომელიც ხშირად ასაკის მატების პირველი მანიშნებელია?

ძალიან კარგი კითხვაა. ბევრი უვლის მხოლოდ სახის კანს და ეს ადგილები რჩება ყურადღების გარეშე, პრობლემა კი უცებ იჩენს თავს ასაკის მატებისას. მე კიდევ დავამატებდი, რომ მხოლოდ დეკოლტე და ყელი კი არა, კისრის გვერდითი და უკანა ზედაპირიც მნიშვნელოვანია.

კვირაში 2-ჯერ კარგია რბილი გომაჟი ან პილინგი ხილის მჟავეებით, შემდეგ კი, სველ კანზე დამატენიანებელი კრემი. ინგრედიენტებში სასურველია იყოს რეტინოლი, ვიტამინი A და E, სილიციუმი, მცენარეული ზეთები. ზაფხულში კი მაღალი SPF-ის მქონე დამცავი, განსაკუთრებით დეკოლტეზე.

საღამოს კარგია თხელი სტრუქტურის დამატენიანებელი, რომელსაც წავისვამთ წრიული მოძრაობებით ქვემოდან ზემოთ. კვირაში ერთხელ ვიტამინიზირებული ნიღაბი-მკვებავი და ლიფტინგ-გამაახალგაზრდავებელი.

ასევე კარგია მასაჟის პროცედურა სპეციალური ზეთებით და ნიღბებით, ვაკუუმური მასაჟი და რევიტალიზაცია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კანის მოვლა ხელებზე, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

ხელის კანი ერთ-ერთი პირველი გასცემს ასაკს. ამიტომ, მისი მოვლის პროცედურები საკმაოდ ადრე უნდა დავიწყოთ. ამას შეიძლება რეგულარული ,,სახლის პროცედურებითაც“ მოვერიოთ. ესაა ნატურალური სქრაბები (ზღვის მარილი და ზეთი, ან ყურძნის რბილობი და ჰერკულესი), ნიღბები (კარტოფილის პიურე, კვერცხის გული ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით). კარგი ლოსიონის ფუნქციას ასრულებს კარტოფილის ნახარშიც. ჩაყავით ხელი 5 წუთით, გადაივლეთ ცივი წყალი და წაისვით კრემი.

სახლის სამუშაოებისას მიეჩვიეთ რეზინის ხელთათმანებს. ზამთარში კი, გარეთ გასვლისას – თბილ ხელთათმანებს. კარგია ონკანის ქვეშ 3-3-ჯერ ცივი და ცხელი წყლის გადავლება. ეს სისხლძარღვების კარგი ვარჯიშია და დიდ დროსაც არ მოითხოვს. სალონური პროცედურებიდან კი კარგია პარაფინის ნიღაბი.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტიანია ნუტრიკოსმეტიკა ვიადერმი კანის გაჯანსაღებისთვის?

ნუტრიკოსმეტიკა  ,,ვიადერმის“ შემადგენლობაში შედის ყველა ის ვიტამინი და მინერალი, რომელიც დროთა განმავლობაში აკლდება ჩვენს კანს. ასევე აკლდება დაავადებების და სეზონური ცვლილებების დროს. მასში შემავალი განსაკუთრებული ინგრედიენტი, ფურისულას ზეთი კი კანის ჰიდროლიპიდურ ბარიერს აღადგენს.

წესები, რომლებიც არ უნდა დაარღვიო – რჩევები ჩვენს მკითხველს.

კანის მოვლის ძალიან ბევრი წესი არსებობს ასაკის, კანის ტიპისა და მდგომარეობის მიხედვით. თუმცა, ნებისმიერი ტიპის კანის მოვლა უნდა დავიწყოთ ახალგაზრდა ასაკიდან და დავიცვათ უმთავრესი წესები:

  • არასოდეთ დავწვეთ მაკიაჟით.
  • არ მოვწიოთ სიგარეტი, რადგან ის ძალიან აშრობს კანს, განსაკუთრებით კი თვალის გარშემო.
  • დავლიოთ ბევრი წყალი.
  • ვიზრუნოთ კანის დატენიანებაზე.
  • კანზე ზრუნვა ვაქციოთ ყოველდღიური ცხოვრების შემდგენელ ნაწილად.

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply